საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული სკოლები ფულადი პრემიებით დაასაჩუქრეს.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა. ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი ხდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება.
2011 წელს, პირველად, ოლიმპიადის შესარჩევი, პირველი ტური უშუალოდ სკოლებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ ჩატარდა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე და მესამე ტური სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა, მეორე ტური 65 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 91 სკოლაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 85 ათასამდე მოსწავლე იღებდა. ოლიმპიადის მესამე ტურში კი, თითოეულ საგანსა და ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენილი 1600-მდე საუკეთესო მოსწავლე მონაწილეობდა.