სკოლაში ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობოდა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას. ჩვენი მოსწავლეები ხშირად სტუმრობდნენ უნივერსიტეტების ლაბორატორიებს, იღებდნენ მონაწილეობას ცდების მომზადებაში და ისმენდნენ სხვადასხვა საინტერესო ლექციებს. ამ თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელებაა, რომ გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციასა და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს შორის.
თანამშრომლობის ფორმები ძალიან მრავალფეროვანია, სადაც გათვალისწინებულია სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები არამარტო ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ სხვა დაინტერესებულ მოსწავლეთათვის. მემორანდუმის ფარგლებში უკვე შედგა ერთი საინტერესო ლექცია.
ასოციაციის მხრიდან სკოლას სტუმრობდნენ ასოციაციის თავმჯდომარე პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი და ასოც. პროფ. თამაზ ქარქუსაშვილი.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გიმნაზიის უფროსკლასელი მოსწავლეები და პედაგოგები, გაკეთდა საქართველოს ქიმიის პორტალის www.chemisrty.ge და მისი პარტნიორი ორგანიზაციის www.chemclub.ge ვებ-გვერდების პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე დაიგეგმა სამეცნიერო-პოპულარული ლექციების ჩატარება როგორც გიმნაზიაში, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეზე, სადაც მოსწავლეები დაესწრებიან უშუალოდ ექსპერიმენტულ (ლაბორატორიულ) სამუშაოებს.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა მრგვალი მაგიდა გიმნაზიის ადმინისტრაციასთან. გიმნაზიის დირექტორმა ქალბატონმა რუსუდან ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები დიდ დახმარებას გაუწევს მოსწავლე-ახალგაზრდობაში ქიმიის საგნის პოპულარიზაციას და იგი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მსგავსი პროექტების განხორციელებას. თავის მხრივ ასოციაციამ თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომ იგი უზრუნველყოფს მოსწავლე-ახალგაზრდობასთან ცნობილი მეცნიერების შეხვედრების ლაბორატორიული ექსპერიმენტების ორგანიზებას, სკოლის პედაგოგებს დაეხმარება მოსწავლეთა მომზადებაში სხვადასხვა დონის კონფერენციებისა და ოლიმპიადებში მონაწილეობისათვის და ა.შ.